ყაჩაღობა ზუგდიდში

ბადრი ესებუას მამა: უდანაშაულოა, თბილისშია, ხვალ ან ზეგ მოვა

ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ მისი შვილი თბილისში ექიმთან არის წასული და ზუგდიდში, საკუთარ სახლში "ხვალ ან ზეგ" დაბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღი, რომელიც საქართველოს ბანკს თავს დაესხა, ბადრი ესებუაა. 

"ხვალ ველოდები ჩემს შვილს, თბილისშია. პოლიციის ინფორმაცია არ მაინტერესებს, მე ჩემი შვილის ინფორმაცია ვიცი. 

[...] უდანაშაულოა. თვალს ხომ ხედავთ კარგად? არ ემთხვევა. ხმა ემთხვევა? არა. არ ვიცი, არ ემთხვევა". – ამბობს ესებუას მამა.

კითხვაზე, თუ სად არის ბადრი ესებუა, ის პასუხობს, რომ არ იცის და "ხვალ ან ზეგ მოვა."

"დღეს სამშაბათი ხომ არის? სამშაბათს არ მოვა, მოვა ოთხშაბათს". – ამბობს ის. 

მისივე თქმით, ბადრი ესებუას იარაღი არ ჰქონია და მას ბოლოს 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საკუთარ ტელეფონზე ესაუბრა. 

"არ ვიცი, სად იყო და სად არა, 5 საათი იყო, სამუშაოდან მოვდიოდი, თბილისში უნდა წასულიყო. ბევრი არაფერი არ გვილაპარაკია. თბილისში უნდა წასულიყო ექიმთან". – ამბობს ის.  

შსს-ს ცნობით, ბადრი ესებუა თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ უარყო, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. ბადრი ესებუა დაკავებული ამ დრომდე არ არის.

მანამდე, 25 ოქტომბერს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდა, არ გაევრცელებინათ მისი ფოტო და ვინაობა. მთავარმა არხმა იმავე დღესვე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაჩაღი ბადრი ესებუა იყო, რომელიც მათივე ცნობით, მოქმედი სამხედროა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

კომენტარები