ყაჩაღობა ზუგდიდში

შსს: გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი თავისუფალია

ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი თავისუფალია და გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.

"გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. ეს სამთავრობო მედიის, TV იმედის კადრებში ჩანს.

ერთერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ სამი კაცის გარდა, ყველა გამოუშვეს, – "პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში".

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები