ყაჩაღობა ზუგდიდში

მინისტრის მოადგილე: 2 მძევალი გათავისუფლდა, გრძელდება მოლაპარაკებები

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე მიზანმიმართულად დამატებით არ საუბრობს. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია. 

ვლადიმერ ბორცვაძემ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გადასცენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ ეთერში.

"შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერით გაშუქება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს". – ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 6 საათის წინ ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები