ყაჩაღობა ზუგდიდში

გვარამია შსს-ს: არ ჩავრთოთ, როცა ტერორისტი მძევალს სიკვდილის მუქარით არეკინებს?

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ფეისბუკზე ეხმაურება. დაახლოებით, ერთი საათის წინ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ჩაერთო ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი. 

როგორც მთავარ არხში ამბობენ, მძევალი არხის გენერალურ დირექტორს შეიარაღებული თავდამსხმელის მოთხოვნით დაუკავშირდა და მათთვის უცნობი იყო, რას მოიმოქმედებდა თავდამსხმელი მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ. 

მთავარი არხის პირდაპირი ჩართვის შემდეგ, დაახლოებით, ერთ საათში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტრო ავალდებულებს მედიებსა და მობილურ ოპერატორებს ადგილიდან ლაივ სიგნალი გათიშონ. 

"საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე: როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას". – წერს ნიკა გვარამია. 

ზუგდიდში, შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები