ბელარუსი

ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

მარია კოლესნიკოვა, სვეტლანა ტიხანოვსკაია და ვერონიკა ცეპკალო

სამი ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, 2021 წლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბელარუსი ოპოზიციონერები ნორვეგიელმა პარლამენტარმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა.  

"ამ სამმა ქალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ბელარუსში ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამისთვის ისინი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებენ". – თქვა გეირ ტოსკედალმა.

ტოსკედალი​ იმედოვნებს, რომ ტიხანოვსკაიას, კოლესნიკოვასა და ცეპკალოს წარდგენით ბრძოლა "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.

ტიხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო არჩევნებამდე ქმნიდნენ "ქალთა ტრიუმვირატს" და ერთად ემზადებოდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და ვერონიკა ცეპკალომ ბელარუსი დატოვეს. კოლესნიკოვა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებების გაკეთებისთვის დაპატიმრებულია. სვეტლანა ტიხანოვსკაია იმავე ბრალდებით ძებნაშია გამოცხადებული.

2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.

კომენტარები