ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა

Premier Homecare

ბათუმის სათნოების სახლში 12 ხანდაზმულს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, სათნოების სახლის 120 ბენეფიციარიდან COVID-19 უკვე დაამარცხა 70-მა ხანდაზმულმა, 7 მათგანი კი გარდაიცვალა. სათნოების სახლი მუშაობას კარანტინის რეჟიმში აგრძელებს.

19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში –   25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები