კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს

ჯუზეპე კონტე

კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდოს ხელახლა ჩაკეტვა.

ახალი წესები ქალაქების მერებს უფლებას მიანიჭებს, დახურონ საჯარო დაწესებულებები საღამოს 9 საათიდან. შემცირდება ამ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ადამიანთა დასაშვები რაოდენობაც. რესტორნები და ბარები შუაღამეს დაიკეტება, თუმცა საღამოს 6 საათიდან მომსახურების მიღება მხოლოდ მაგიდებთან იქნება შესაძლებელი, სადაც 6 ადამიანზე მეტის დასხდომა აიკრძალება. გადაიდება კონფერენციები და ფესტივალები.

მიმდინარე კვირას შემოწმება ჩატარდება სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს დაიხურება თუ არა ეს დაწესებულებები.

შეზღუდვები შეეხება სკოლების უფროსკლასელებსაც. გადაიწევს გაკვეთილების დაწყების დროც და სკოლებს მოუწოდებენ, უფრო მეტად გადავიდნენ დისტანციური სწავლების მეთოდზე.

"ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ. უნდა მივიღოთ ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ მთლიანად ჩაკეტვა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უდიდეს ზიანს მიაყენებს. მთავრობა აქაა, მაგრამ ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ყველაზე ეფექტური ზომები კვლავ საბაზისოა: პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ სიტუაციებს, სადაც ყურადღება მოვადუნეთ - ნათესავებთან და მეგობრებთან. ამ სიტუაციებში მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო". – თქვა კონტემ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე იტალიაში ერთ დღეში გამოვლენილი Covid-19-ის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვირას ქვეყანაში ვირუსი 11 705 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან იტალიაში ვირუსით დაავადდა 414 000 ადამიანი, გარდაიცვალა 36 500.

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ზომები გამკაცრდა საფრანგეთშიც. 9 დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში 21:00-დან 06:00-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ბელგიაში 4 კვირით დაიკეტება ბარები და რესტორნები, კომენდანტის საათი კი 00:00-დან 05:00-მდე ამოქმედდება.

შვეიცარიაში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში. აიკრძალა 15-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

კომენტარები