ენმ-ის აქცია ბათუმში

კაპანაძე: ჩვენ უარი ვთქვით მრავალათასიან აქციაზე, თუმცა აქტივობები ვერ შეჩერდება

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროპულმა საქართველომ მრავალათასიანი აქციის ჩატარებაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო უარი თქვა, ეს კი აჩვენებს მათ და ენმ-ს დამოკიდებულებებს შორის სხვაობას.

"ჩვენ გვქონდა მრავალათასიანი აქცია დაანონსებული და უარი ვთქვით ამ აქციის ჩატარებაზე, გამომდინარე იქიდან, როგორ სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში და თბილისში და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება და მიგვაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და გამომდინარე აქიდან ვთქვით აქციაზე უარი". - თქვა მან.

სერგი კაპანაძისავე თქმით, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის და საარჩევნო აქტივობები ვერ გაჩერდება.

"ამავდროულად, უნდა ვთქვა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომ წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არის არასწორი, რადგან მოსახლეობას აქვს ეხლა არჩევანი, ან ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და
წავიდეთ წინ, ან ამ ჭაობში დავრჩეთ კიდევ დიდი ხანი და ეს ჭაობი ნიშნავს ასევე კოვიდსაც და მასთან ვერ გამკლავებასაც.

ამიტომ, მე მესმის ყველა პოლიტიკური ძალის, რომლებიც საარჩევნო აქტივობებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ადამიანების სიცოცხლე დაგვეყენებინა მაღლა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო აქტივობებს და ჩვენ კიდევ გვექნება მრავალი საინტერესო ღონისძიება არჩევნების
დღემდე". - თქვა მან.

ევროპულმა საქართველომ 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ დაგეგმილი მსვლელობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გააუქმა. პარტიამ მსვლელობა 12 ოქტომბერს დააანონსა.

გუშინ, 16 ოქტომბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში მხარდაჭერებთან შეხვედრა გამართა და აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. აქციაზე დაცული არ იყო სოციალური დისტანცირება და დამსწრეთა უმეტესობას პირბადე არ ეკეთა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი. 

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები