კორონავირუსი საქართველოში

მინისტრის მოადგილე: 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ რეჟიმზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის მტკიცებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლებს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით მართავს. მისი თქმით, სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.  

"სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის" - ამბობს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თბილისის, ზუგდიდის, რუსთავის და ქუთაისის საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ელი ოქტომბრიდან, I-VI კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, "სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასები".

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.  აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. 

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, 19 ოქტომბერს უმაღლეს სასწავლებლებში არადისტანციური სწავლის დაწყება იგეგმება.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები