საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების პოლიტიკური შემოწირულობები — TI-ის ანგარიში

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) აქვეყნებს ინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი იმ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკურ შემოწირულობათა შესახებ, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის უახლეს გამოკითხვებში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს. ეს პარტიებია:

  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
  • ლელო საქართველოსთვის
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

TI-მ შეისწავლა მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. 

ევროპული საქართველო

  • პარტიის ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
  • 16-მა  კანდიდატმა, მათი ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2017-2020 წლებში ევროპულ საქართველოს ჯამში 466,818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.
  • 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველიც იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს 224,132 ლარი აქვს შეწირული ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის.
  • 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული.  ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა თავისი ბიზნესკავშირები.
  • მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

TI-ს ინფორმაციით, გიგა ბოკერია თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას. გიგა ბოკერიამ ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 30 დეკემბერს შეავსო, სადაც მან არ მიუთითა თავისი მეუღლის წილები ორ კომპანიაში: შპს Tabula Advertising და შპს ტაბულა მედია, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მთლიადნობაში, გიგა ბოკერიამ, მისმა მეუღლემ და მეუღლის ბიზნესპარტნიორებმა პარტიას ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 134,705 ლარი შესწირეს

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებელს დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას ჯამში 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულობების ჩათვლით). 

"გიორგი ვაშაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა არის შპს ფიჩისა და შპს ნარას დირექტორი და ფლობს ამ კომპანიების 50% და 45%-ს.

გიორგი ვაშაძემ 2017-2018 წლებში სამოქალაქო პლატფორმა - ახალ საქართველოს 84,500 ლარი შესწირა, 2017-2018 წლებში სტრატეგია აღმაშენებელს – 84,500, ხოლო 2012-15 წლებში 20,500 ლარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. გარდა ამისა, მისმა მეუღლემ ქეთევან სიჭინავამ 2016-2020 წლებში სტრატეგია აღმაშენებელს 110,000 ლარი შესწირა, 2016 წელს სამოქალაქო პლატფორმა - ახალ საქართველოს – 50,000 და წარმატებულ საქართველოს – 9,000 ლარი. - წერს TI.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (1-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები ჯამში დაკავშირებულნი არიან 24 კომპანიასთან (აქედან 5 ინდივიდუალური მეწარმეა).
  • 9 კანდიდატმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ჯამში 362,530 ლარი შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287,000 ლარი) პარტიას 5-მა კანდიდატმა შესწირა დროის მოკლე შუალედში: 2020 წლის 4-21 სექტემბერს.
  • 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან  2013-2020 წლებში 67,172 ლარი მიიღეს.  ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
  • 11 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.  ეს კანდიდატები არიან: არტაშეს ჰაკობიანი, გიორგი კასრაძე, გურამ ნიკოლეიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ელიზბარ (ელიბო) პატურაშვილი, თეიმურაზ ფაჩულია, იოსებ პარწიკანაშვილი, მალხაზ თოფურია, მახირ იუსუბოვი, მერაბ ჭიქაშვილი, ნონა ასათიანი.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

  • საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან.
  • 7-მა  კანდიდატმა 2014-2020 წლებში საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჯამში 41,845 ლარი შესწირეს.
  • 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები

პოლიტიკურ პარტიას ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები მაჟორიტარი დეპუტატობის 8 კანდიდატი ჰყავს დასახელებული. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის 6 კანდიდატი: ალექსანდრე ელისაშვილი (საბურთალო), გენრი დოლიძე (ბათუმი), ინდიკო ბერძენაძე (სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი), ოთო ქერქაძე (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური), დავით გიორგაძე (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი) და გიორგი გაბაიძე (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).

დანარჩენი ორი კანდიდატი დაკავშირებულია სულ 4 კომპანიასთან და საკუთარი პარტიისთვის შეწირული აქვს 40,000 ლარი.

ლელო საქართველოსთვის

  • პარტია ლელო საქართველოსთვის მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 14 კანდიდატი ჯამში დაკავშირებულია 73 კომპანიასთან.
  • 6-მა  კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2019-2020 წლებში საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს და პარტია ლელო საქართველოსთვის ჯამში 419, 950 ლარი შესწირეს. პირადად ყველაზე მსხვილი შემოწირულობა  გაიღო საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა ლელოს 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
  • 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1,156,881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3,033,996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა თავისი ბიზნესკავშირები.
  • 10 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.

გირჩი

პოლიტიკურ პარტიას ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი სულ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.

დანარჩენი 4 კანდიდატი:

  • დაკავშირებულია 8 კომპანიასთან;
  • პოლიტიკური შემოწირულობის სახით საკუთარი პარტიისთვის გაღებული აქვს 182,051 ლარი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2016 წელს ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს 5,000 ლარი შესწირა, 2015 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 2,000 ლარი. 

იაგო ხვიჩია არის შპს მანა ლეგალ კონსალტინგის დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს თბილისი ლიგალ კონსალტინგის 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი. მან 2016-2017 წლებში ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს 29,650 ლარი შესწირა. გარდა ამისა, იაგო ხვიჩიას ბიზნესპარტნიორმა, შპს თბილისი ლიგალ კონსალტინგის 25%-ის მფლობელმა იმედო არჯევანიძემ 2016 წელს 2,000 ლარი შესწირა ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს.

ინფორმაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კომენტარები