დავითგარეჯას საქმე

დავითგარეჯის საქმე: ზურაბ ნოღაიდელმა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა

დავითგარეჯის საქმის ფარგლებში გამოძიებას ჩვენება, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა მისცა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ტაბულას დაუდასტურა. 

როგორც ლონდარიძე ტაბულასთან საუბარში განმარტავს, ნოღაიდელის ჩვენებაში საერთოდ არ არის საუბარი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილზე. 

ლონდარიძის თქმით, ნოღაიდელის ჩვენებაში უშიშროების საბჭოს სხდომას და რამდენიმე შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებდა. 

ამასთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი კომისიის მუშაობაში ფორმალურად იყო ჩართული და ვერ იხსენებს კომისიის წევრების ვინაობას. 

7 ოქტომბერს დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. სასამართლომ მელაშვილს და ილიჩოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ხსენებული რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები