კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში საზ. ტრანსპორტი 19 ოქტომბერს აღდგება, თუმცა რჩება სხვა შეზღუდვები

turebi.ge

აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება. თქვა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

თუმცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ გაგრძელდება და ამასთან, რესტორნები და გასართობი სივრცეები კვლავ 22:00 საათამდე იმუშავებს. 

"აჭარაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მეტნაკლები სტაბილიზაცია მოხდა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მთავარი კერა სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იყო, სადაც, ამავდროულად, ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აღრიცხული Covid-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან 286 აჭარაში გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი კორონავირუსული ინფექციისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში აჭარაში Covid-19-ით 58 ადამიანი გარდაიცვალა. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. თბილისში, ბათუმსა და იმერეთში 22:00 საათის შემდეგ აკრძალულია რესტორნებისა და გასართობი სივრცეების მუშაობა. 

კომენტარები