ყირგიზეთი

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა

სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან ვერ განმუხტა დაძაბულობა. სამწუხაროდ, არ იკლებს აგრესია და ჩემი გადადგომის მოთხოვნები. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვლადებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს არ წამოეგონ პროვოკაციებს.

ჩემთვის ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჩემი ყოველი თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მე არ ვებღაუჭები ძალაუფლებას. არ მსურს ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და ცეცხლი გაუხსნა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ ჯაფაროვს და სხვა პოლიტიკოსებს, გაიყვანონ საკუთრი მომხრეები დედაქალაქიდან და ბიშკეკს მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ. არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და საზოგადოების თანხმობად". - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს.

ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები.

ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული, სადირ ჯაფაროვი აირჩიეს. თავდაპირველად ჟეენბეკოვმა ჯაფაროვი პოსტზე არ დაამტკიცა და პარლამენტს სთხოვა, ხელახალი კენჭისყრა ჩაეტარებინათ. მას შემდეგ, რაც ჯაფაროვი პარლამენტმა მეორედ აირჩია, ჟეენბეკოვმა მისი დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა.

განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

ვრცლად ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში - მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში

კომენტარები