დავითგარეჯის საქმე

მეუფე მელქისედეკი დანიაში საქართველოს ელჩზე: არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი დანიაში საქართველოს ელჩის გიგია გიგიაძის განცხადებას უხმაურება და მას თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებისთვის მადლობას უხდის. 

"მე არ შემიძლია, ბატონ გიგი გიგიაძეს მადლობა არ გადავუხადო. მე მას ვიცნობ ათენიდან, როცა ათენის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, იქ მოღვაწეობდა. მე მას ვიცნობ, როგორც უპატიოსნეს ადამიანს და გამიხარდა, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, ის თვლის, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან". – ამბობს მეუფე მელქისედეკი. 

გიგი გიგიაძემ დაპატიმრებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა პირველივე დღესვე გამოუცხადა, რის გამოც მან მმართველი გუნდისგან კრიტიკა დაიმსახურა. 

გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა. ქართული ოცნების სპიკერმა, გია აბაშიძემ კი დაწერა, რომ ელჩი თანამდებობას უნდა დაემშვიდობოს. 

გიგი გიგიაძისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არცერთ მოქმედ ქართველ ელჩს არ გამოუცხადებია. ტაბულა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩებს დაუკავშირდა კითხვით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება გიგი გიგიაძის გამოწვევას გადაწყვეტს, დაუჭერენ თუ არა მხარს, თუმცა, არც სოფიო ქაცარავამ და არც ნატა საბანაძემ ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხა. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

კომენტარები