დავითგარეჯის საქმე

ბერაია კუბილიუსზე: ენმ-ს მოკავშირე აგრძელებს ჩვენს გაოცებას არარეალური გამონათქვამებით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებაზე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი რეალობას აცდენილი გამონათქვამებით ქართული საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. 

"სასაცილოა" - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება, ბერაიას თქმით კი, შემაშფოთებელია, რომ ის სასაცილოს უწოდებს "საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას".

"შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. 

კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას.  შესამაბამისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია". – ამბობს ბერაია. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

კომენტარები