დავითგარეჯის საქმე

ჯაღმაიძე მელაშვილი-ილიჩოვაზე: შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს საკითხი

საქართველოს საპატრიარქო

"ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება, შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი ამ მიმართულებით". – ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება. მისი თქმით, საპატრიარქო ხელისუფლებისგან "მეტ ყურადღებას" ითხოვდა.

"კომისია დაქვემდებარებული არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ, მთელი ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია ამისათვის.

მეტ ყურადღებას ვითხოვდით, მე არ ვიცი, შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ის რომ ჯანსაღად არ მიმდინარეობდა პროცესი, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით.

როდესაც ამ საკითხში ჩავიხედეთ, ეს ხელისუფლება იყო და ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით და ვნახე წინა კომენტარები, სადაც წინა ხელისუფლების დროს საყვედურობდნენ". – ჯაღმაიძე.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლებში გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი 2014 წელს სამთავრობო დონეზე, მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც განიხილეს. გარდა ამისა, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა დაკავებულს ედავება, მას 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. სწორედ წელიწადნახევრის წინ დატოვა ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა. მისივე ცნობით, ილიჩოვამ პროკურატურას 4 სექტემბერს თავადვე უთხრა, რუკა სადაც ინახებოდა.

საყურადღებოა, რომ ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები ყურადღებას დავითგარეჯაზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ საქმე სწორედ სამონასტრო კომპლექსის სავადო მონაკვეთებს ეხება, თუმცა, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის განმარტებით,დაკავებულებს ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მშვენიერაძის თქმით, დავითგარეჯას მონაკვეთი არც ექსპერტთა ჯგუფის და არც სახელმწიფო კომისიის მიერ არ არის შეთანხმებული და შესაბამისად, ბრალდებაში დავითგარეჯა ნახსენები არ არის. 

"ეს თემა მიაწებეს იმიტომ, რომ უფრო პოლიტიკურად სენსიტიური გაეხადათ და ყოფილიყო ამ თამაშის ნაწილი". – ამნობს მშვენიერაძე.

კომენტარები