დავითგარეჯის საქმე

თალაკვაძე დავითგარეჯის საკითხზე: ჩვენთვის ერთი დღეც არ ყოფილა, ეს პრიორიტეტული არ ყოფილიყო

პარლამენტი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, აზერბაიჯანთან სასაზღვრო ხაზები საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ შეათანხმოს. მისივე თქმით, საკითხი ყოველგვარი პოლიტიკური განხილვის მიღმაა და ამას რომელიმე პარტიის გადმოსახედიდან არავითარ შემთხვევაში არ განიხილავენ. 

"ჩვენი ამოცანაა, ვუზრუნველყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოს და ინტერესების სასარგებლოდ. 

არ ყოფილა არცერთი დღე ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის, როცა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა პრიორიტეტული ინტერესი დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ასე იქნება მომავალშიც". – ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, თუკი სადაო ტერიტორიების გარკვევას ის ავთენტური რუკები დაეხმარება, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მოწოდებული და აღმოჩენილი, ამას აუცილებლად გამოიყენებენ. 

"ჩვენ ვთვლით, როგორც ხელისუფლება, რომ დავითგარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია რომ გაკეთდეს კონსტიტუციის კანონმდებლობის ფარგლებში, გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ ის სადაო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან - აზერბაიჯანთან, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში იქნა მოწოდებული და აღმოჩენილი, მათ შორის გამოძიების მხრიდან, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე". – ამბობს თალაკვაძე. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები