დავითგარეჯის საქმე

ვოლსკი დავითგარეჯის საქმეზე: რუსული კვალი არ არსებობს, არსებობს საქართველოს ინტერესი

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი დავითგარეჯის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი რუსული კვალი არ არსებობს და ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესებია. 

მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვა ვერსიებს აქვეყნებენ და ამით "იმ მძიმე სურათის გადაფარვა უნდათ, რაც თავად შექმნეს". 

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, მათ შორის, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით უნდათ გადაფარვა იმ რეალობის და იმ მძიმე სურათის, რაც შექმნეს თავადვე და იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნებისთვის რა გზა და რესურსი არსებობს, მთელი ძალები გადასროლილია იქეთ, რომ როგორმე რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან გადაიტანონ საკითხი სულ სხვა რაკურსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არანაირი რუსული კვალი არ არსებობს.

აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედია საშუალებები". – თქვა ვოლსკიმ. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები