ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. როგორც მთავარს ჭოტორლიშვილის შვილმა, ბექა ლელუაშვილმა უთხრა, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას ინფარქტის ნიშნები აქვს.
სამსახურიდან გათავისუფლებას ლელუაშვილი მის პოლიტიკურ აქტივობას - ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერას უკავშირებს.
"მხარში ვუდგავარ ამ ორ ადამიანს და დავუდგები ბოლომდე და ამით ვერ გამაჩერებენ, ყველამ იცის, ვინც მიცნობს". – ამბობს ჭოტორლიშვილის შვილი.
ჭოტორლიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა ბაჩანა შენგელია.
"ეს არის ზუსტად განმეორება 2 წლის წინანდელი სცენარის, რაც დედაჩემის წინააღმდეგ განხორციელდა. ეს არის პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკური დევნა, ადამიანის, პოლიტიკური ნიშნით, სკოლის დირექტორების მორიგი მსხვერპლშეწირვა არჩევნების.
იმიტომ არის ეს სცენარი, რომ წინა შემთხვევას არ მოჰყოლია ადამიანების დასჯა. მე 2 წელია ვითხოვ ადამიანების დასჯას და ხელისუფლება ამ ადამიანებს აწინაურებს. მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს პრემიერმინისტრია, მაშინდელი ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეში იყო ჩარეული, დღეს ატარებს უფროსი მასწავლებლის ტიტულს, პირადად მინისტრისგან წოდებულს". – ამბობს შენგელია.
შენგელია ია კერზაიას შვილია, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა. კერზაია ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.