კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: რემდესივირს 10-14 დღეში მივიღებთ, თვის ბოლოდან მკურნალობის პროტოკოლს დაემატება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

კორონავირუსითან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, 10-14 დღეში საქართველოში პრეპარატი რემდესივირი შემოვა. ამის შესახებ ცერცვაძემ რეანიმატოლოგების და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ილაპარაკა. 

"ეს პრეპარატი ჯერჯერობით ფუფუნებაა, მხოლოდ აშშ-ს აქვს ავადმყოფებისთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები იყიდეს.

შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო რიგშია, გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა. აქ გამოინახა მექანიზმი და 10-14 დღეში მოგვაწვდიან. 25-30 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მოქალაქეების, მძიმე და კრიტიკულად ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას, ყველაფერ იმას, რაც აქამდე გვქონდა, დაემატება დღეისთვის N1 საშუალება რემდესივირი, ხოლო ცოტა უფრო შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაში მონაწილეობას საქართველო პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით იღებს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით". – თქვა ცერცვაძემ.

რემდესივირი, რომელსაც დღეს მსოფლიო მეცნიერები ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაზე სანდო პრეპარატად განიხილავენ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა, თუმცა, ამ ვირუსის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა.

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები