ლიტვის არჩევნები

ლიტვის არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლიტვის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების 98% დათვლილია. არსებული მონაცემებით, გამარჯვება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა სამშობლოს კავშირმა მოიპოვა. მათ ხმების 24.1% მიიღეს. წინა არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ, მმართველი კოალიციის წევრმა, ფერმერთა და მწვანეთა პარტიამ  17.9% მიიღო და მეორე ადგილს იკავებს.

არჩევნებში პროპორციული წესით ლიტვის პარლამენტის 141 წევრიდან 70-ს ირჩევენ. 71 კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა. იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო, მეორე ტური 25 ოქტომბერს ჩატარდება. შესაძლოა, მეორე ტურის შემდეგ პარტიებს შორის ბალანსი კვლავ შეიცვალოს.

მიუხედავად ამისა, ფერმერთა და მწვანეთა პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პარტია, სავარაუდოდ, მთავრობას დატოვებს, ვინაიდან მათი პარტნიორი პარტიებიდან ვერც ერთმა შეძლო 5%-იანი ზღვრის გადალახვა.

პარლამენტში პირველად შევიდა ლიბერალური პარტია. მათ ხმების 8.6% მიიღეს. ასევე შევიდნენ ლეიბორისტული პარტია (9.8%), ლიბერალური მოძრაობა (6.7%) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (9.4%).

კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ, პანდემიასთან დაკავშირებულმა უმუშევრობის დონის ზრდამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობაში სამთავრობო კოალიციის კრიტიკა გამოიწვია.

ლიტველების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება პანდემიით შექმნილ გამოწვევებს. უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც თებერვალში 7% იყო, ოქტომბრისთვის 14%-მდე გაიზარდა.

მმართველი კოალიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლიტვამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა პანდემია. ქვეყანაში სულ ინფექციის 8 899 გამოვლენილი შემთხვევაა, დაიღუპა 103 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ამომრჩევლებს მოუწოდეს ხმის მისაცემად საკუთარი კალმებით მისულიყვნენ.

კომენტარები