ლიტვის არჩევნები

გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს გამარჯვებას ულოცავს. მისალოც წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"ძვირფასო კოლეგა, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მეორე ვადით ლიტვის პრეზიდენტად თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში თქვენთან გავაგრძელებ ურთიერთობას. ლიტველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ნდობა კვლავ თქვენ გამოგიცხადათ, რაც ქვეყნის წარმატების მისაღწევად თქვენს მიერ გაწეული დიდი შრომის და თავდადების შედეგია. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში ლიტვის უსაფრთხოების განმტკიცებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ვერ შეძლებდა თავისი თავისუფლების დაცვას ისეთი მეგობრების დახმარების გარეშე, როგორიც ლიტვის რესპუბლიკაა. მოხარული ვარ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მოახდინა. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ლიტვის მიერ მიღწეული წარმატება სამაგალითოა და დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილება, რომელსაც უანგაროდ გვიზიარებთ, აუცილებლად დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ავაშენოთ ჭეშმარიტად ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემას", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიბაუსკაიტემ ხმათა 58% მიიღო. მას სოციალ-დემოკრატი ზიგმანტას ბალჩიტისი უპირისპირდებოდა. ეს პირველი პრეცედენტია ლიტვის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს.

გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ეს ისტორიული გამარჯვებაა, რომელიც მას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. 

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გრიბაუსკაიტემ ხმების 46% მიიღო, ევროპარლამენტარმა ზიგმანტას ბალჩიტისმა კი, 14%.

კომენტარები