კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თბილისში ნიღბების მოხმარებაზე ზომებს ვამკაცრებთ, ტრანსპორტს ამ ეტაპზე არ ვაჩერებთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში ჯერჯერობით ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის პირბადეების მოხმარება და ამ მიმართულებით გავამკაცრებთ ზომებს".

"რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჯერჯერობით N1 გადაწყვეტას ამ პრობლემის, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი.

ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება". – თქვა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 178 - თბილისში. 12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები