დავითგარეჯის საქმე

ვაშაძე დავითგარეჯის საქმეზე: ეს ყველაფერი არჩევნებისთვისაა შეთითხნილი

სამი რამ მინდა ვთქვა. 

პირველი, ციხეში ზის ორი უპატიოსნესი ადამიანი. ივერი მელაშვილზე, მის რეპუტაციაზე შემიძლია თავი დავდო. ეს არის პატრიოტი, უზარმაზარი ცოდნის, ინსტიტუციური მეხსიერებისა და საქართველოს სიყვარულის მქონე ადამიანი. 

მეორე, 1938 წლის რუკის ირგვლივ მუდმივად იყო ხმლებისა და აბჯრების მსხვრევა, იმიტომ, რომ საქართველოს არცერთ შემადგენლობას ამ კომისიაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, არც განსვენებული პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, არც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დროს და არც მის შემდეგ. როდესაც კომისიის შემადგენლობა გამოცვალეს, ეს უკვე ძალიან ცუდად მენიშნა და უკვე გასაგები იყო, რისთვის მზადდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა, ასფალტი რომ არის დაგებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გარშემო, იმ ასფალტმაც კი იცის, რომ მუშაობა მიდიოდა 1938 წლის რუკით. 

და მესამე, ეს ყველაფერი შეთითხნილი არის არჩევნებისთვის. იმის მაგივრად, რომ ვილაპარაკოთ შიმშილზე, დემოგრაფიულ კატასტროფაზე, სიღატაკეზე, ინსტიტუციების მოშლაზე, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.

ამის შესახებ ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ.

კომენტარები