დავითგარეჯის საქმე

რას ამბობენ მღვდელმთავრები გარეჯის საქმეზე – 4 მიტროპოლიტის შეფასება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო იერარქები დავითგარეჯის საქმეს ეხმაურებიან. დღეს დილიდან ამ საქმეზე ჟურნალისტებთან 4-მა მიტროპოლიტმა ილაპარაკა.

პატრიარქის მოსაწყდრის, მიტროპოლიტი შიოსთვის მიმიდინარე პროცესი სასიხარულოა, რადგან, მისი თქმით, საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა.

"სასიხარულო ისაა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და, იმედია, რომ დავითგარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად". – ამბობს მოსაყდრე.

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან მათ სახელებს ყველა გაიგებს, ვისგან და საიდანაც, როგორც მეუფე ამბობს - "მოდის ღალატი".

"მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასეთ დეტალებში ჩაღრმავება, მე არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ არც საპატრიარქოს აქვს ასეთი ინფორმაცია. ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გავიგებთ. დავითგარეჯის ამბავი ახალი ამბავი არაა. დავითგარეჯა - ეს არის საქართველო, ყოველთვის იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება, დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ". – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

საკვირაო ქადაგებისას დავითგარეჯის საქმეს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც შეეხო. მისი თქმით, არის მცდელობა, რომ მიმდინარე პროცესები "ეკლესიას აჰკიდონ".

"როდესაც პროფესიონალი და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რას რა მოჰყვება. როდესაც შენ ცალსახად ამბობ, უკვე იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს არ ხდის და იქით არის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია?! ოღონდ ეკლესიას აკიდონ, დღეს იძახიან, რომ თითქოს ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, იმაში მხარი დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა. გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი. აფხაზეთი რომ ვინმემ დაგვიბრუნოს, იმის მხარეს დავდგები. რუკის გამო არსად დავდგები". – ამბობს მეუფე იაკობი.

ამ დროისთვის ერთადერთი მღვდელმთავარი, რომელმაც საქმის მტკიცებულებები ეჭვქვეშ დააყენა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლია.

"მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს. ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ესაა უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება... ამდენი ხანი თუ ცნობილი იყო, დღეს უკვე კითხვებს აჩენს". – ამბობს მეუფე გრიგოლი.

ლაპარაკია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე, რომლებიც 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები