იუსტიციის სახლი

თაღლითური სქემის გამოვლენის გამო იუსტიციის სახლი სერვისების დაჯავშნის წესს ცვლის

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სახლის განცხადებით, თაღლითური სქემის გამოვლენის გამო სერვისების დაჯავშნის წესი იცვლება. ამის მიზეზი პანდემიის გამო სერვისებზე ჯავშნის სისტემის ამოქმედებისას გამოვლენილი შემთხვევები გახდა, როდესაც რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეების სასარგებლოდ.

"როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება. იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად პირი ვიზიტს ჯავშნის მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ზე რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მას მისდის ვიზიტის დრო, ადგილი და სერვისის მისაღებად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდი.

ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ. აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ". – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნულის გამო, ორშაბათიდან მსგავსი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება და სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი.

გუშინ, 9 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ Telegram-არხზე, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველ რუსულენოვან ადამიანებს სხვადასხვა რჩევას უზიარებენ, იუსტიციის სახლებში დაჯავშნის სისტემით თაღლითური სქემაა შექმნილი. 

Тбилиси для людей и про людей-ს ადმინისტრატორი არხზე წერს, რომ თბილისში იუსტიციის სახლებთან დგანან ადამიანები, რომლებსაც ერთი თვით ადრე თითქმის ყველა თარიღი აქვთ დაჯავშნილი და შემდეგ ამ დროს 60 ლარად ყიდიან.

იუსტიციის სახლში წინასწარი ონლაინ დაჯავშნის სისტემა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ამოქმედდა.

კომენტარები