კორონავირუსი საქართველოში

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

DW

რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის აფხაზეთის ოფისის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი ე.წ შტაბის ცნობით, გარდაცვლილი ინფიცირებულები ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდნენ და უარს ამბობდნენ საავადმყოფოში დაწოლაზე. 

Sputnik-ის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში ახალი კორონავირუსის 2 170 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა. 

ეს მონაცემები, შესაძლოა, არ იყოს ზუსტი, ვინაიდან გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ 288 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი, საიდანაც 99 ინფიცირებული იყო. 

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 და გარდაიცვალა 6 ადამიანი. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ 8 ადამიანი გადმოიყვანეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან კი ერთი. ცხრავე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

კომენტარები