დავითგარეჯის საქმე

პუტინისტური ქართული მარში დავითგარეჯასთან აქციას მართავს და ულტიმატუმს აყენებს

პუტინისტური პარტია ქართული მარში დავითგარეჯასთან აქციას მართავს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ აზერბაიჯანელი სამხედროები ათი დღის ვადაში არ დატოვებენ დავითგარეჯს, ისინი ტერიტორიაზე გადავლენ. დღევანდელ აქციაზე ძალადობრივმა და პუტინისტურმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს.

"ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას ათდღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდეგ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის მეგობარი ქვეყანა და, როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან, საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ დავით გარეჯიდან. ვერავინ ამიკრძალავს მე და ვერც ერთ ქართველ მოქალაქეს, რომ გადაადგილდეს თავის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადავალ, იქ სადაც არის ჩემი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია, მერე უიარაღო ადამიანს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უნდათ მესროლონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ" - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

პუტინისტური დაჯგუფება და ახლა უკვე პარტია "არასერიოზულად" აფასებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის და კომისიის წევრის დაკავებას. სანდრო ბრეგაძის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის ბედს ვერ გადაწყვეტდნენ და უნდა დადგეს მაშინდელი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

"თუ ამ ადამიანებმა გაყიდეს თავიანთი სამშობლო, მაშინ მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან, ზემოდან ისინი მიიღებდნენ მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე ბრძანებას". - ამბობს ბრეგაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. 

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კომენტარები