მძევლების გათავისუფლება

მალიში გაათავისუფლეს ფრანგი ქალი, რომელიც ჯიჰადისტებს ტყვეობაში 1 381 დღე ჰყავდათ

AP

მალის ხელისუფლებამ დაადასტურდა, რომ გაათავისუფლეს 75 წლის ფრანგი ქალი, რომელიც ჯიჰადიტების ტყვეობაში თითქმის 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან ერთად გაათავისუფლეს იტალიის 2 მოქალაქე,მისიონერი, რომლებიც ნიგერში 2018 წელს გაიტაცეს და ტურისტი. ასევე გათავისუფლებულია მალის ოპოზიციის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, რომელიც მიმდინარე წლის 25 მარტს მალიში, საკუთარ მშობლიურ რეგიონში საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას გაიტაცეს.

სოფი პეტრონინის გათავისუფლებას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ის მსოფლიოში ბოლო ფრანგი მძევალი იყო, რომელიც ამჟამად ჰყავდათ გატაცებული. მაკრონმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი მალის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოფი პეტრონინი ბავშვთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციაში მუშაობდა. ის 2016 წლის 24 დეკემბერს გაიტაცეს.

"ჯერ კიდევ კარგად არ მაქვს გააზრებული. ის ახლა თვითმფრინავშია". - თქვა გათავისუფლებული ქალის შვილმა, რომელიც მის შესახვედრად მალიში გაემგზავრა.

მძევლები ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ჰყავდა დაკავებული. მძევლების გათავისუფლებას წინ უძღოდა მალის მთავრობის მიერ 100 დაკავებული ჯიჰადისტის გათავისუფლება.

ამჟამად მალის დროებითი მთავრობა მართავს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ კეიტა აგვისტოში სამხედრო ხუნტამ თანამდებობიდან გადააყენა. 18 თვის შემდეგ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კომენტარები