მძევლების გათავისუფლება

პრეზიდენტის ჯილდოები მეზღვაურების გათავისუფლებისათვის

 

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა სომალიში მეკობრეთა ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურთა გათავისუფლების საქმეში ასევე აჭარის მთავრობის თავჯდომარის ლევან ვარშალომიძის წვლილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი მეზღვაურთა კაპიტანს მემედ ზაქარაძეს გადასცა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ამ სფეროს განვითრების საქმითვის ძალზე მნიშვნელოვანია.

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურებთან ერთად ევროპის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მათ პატივსაცემად კონცერტი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიმართა და მეზღვაურებს გათავისუფლება და მშვიდობით დაბრუნება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ის, რაც გუშინ მოხდა და ბოლო დღეებში ხდებოდა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, რომ საქართველო ბოლომდე იბრძოლებს საკუთრი მოქალაქეებისთვის, თავისი და თითოეული მოქალაქის თავისუფლებისთვის. ქვეყნის ხელმძღვანელობა თავსაც გადადებს და ნებისმიერი რესურსის ფასად, რკინის ქალამნების ჩაცმაც რომ დაგვჭირდეს, მსოფლიოს შემოვლა და ყუნწში გაძრომა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების, დღევანდელობისა და მომავლის გადასარჩენად და დასაცავად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები