აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართა

კამალა ჰარისი და მაიკ პენსი
AP

აშშ-ში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. მოქმედი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის და დემოკრატიული პარტიის კალიფორნიის სენატორის, კამალა ჰარისის საუბრის მთავარი თემა კვლავ კორონავირუსი იყო.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ისინი ერთმანეთისგან დაშორებით ისხდნენ და გამჭვირვალე ფარი იცავდათ. მსგავსი ზომა მას შემდეგ მიიღეს, რაც პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ დონალდ ტრამპს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კამალა ჰარისმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა ყველაზე დიდი ჩავარდნაა აშშ-ს ისტორიაში და პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი ამერიკელების განზრახ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, მაიკ პენსმა დემოკრატიული პარტია კორონავირუსთან ბრძოლის გეგმის მოპარვასა და პლაგიატში დაადანაშაულა.

ჰარისმა კითხვაზე, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის ვაქცინას არჩევნების წინ, უპასუხა, რომ ამას მხოლოდ პროფესიონალი მედიკოსების რეკომენდაციის შემდეგ გააკეთებს, რის გამოც ის პენსმა გააკრიტიკა:

"ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერი საქციელია, რომ ვაქცინებისადმი ნდობას ძირს უთხრი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტრამპის ადმინისტრაციის დროს შექმნეს".

საუბარი შეეხო რასიზმის თემასაც. მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა მინესოტაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა დაგმო, თუმცა დაამატა, რომ ეს არ ამართლებს ამბოხს და ძარცვას, რაც ამ ფაქტს მოჰყვა. პენსის თქმით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ირწმუნებიან, რომ ამერიკა სისტემურად რასისტულია და პოლიცია უმცირესობების წინააღმდეგ მიკერძოებული, რაც "დიდი შეურაცხყოფაა".

"გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი 70 მილიონი ამერიკელის წინაშე დებატების სცენაზე გამოვიდა და უარი თქვა, დაეგმო ჯგუფები, რომელთაც თეთრკანიანთა უპირატესობის სჯერათ". - უპასუხა მას ჰარისმა.

პენსმა ბრალდება უარყო და ჰარისს შეახსენა, რომ, როდესაც ის სან-ფრანცისკოში პროკურორის თანამდებობას იკავებდა, აფრიკელ-ამერიკელებს უფრო ხშირად ასამართლებდნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებული მსუბუქი დანაშაულისთვის, ვიდრე თეთრკანიანებს ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

ჰარისმა მოქმედი ადმინისტრაცია ჩინეთთან სავაჭრო ომის წაგებაშიც დაადანაშაულა, რაზეც პენსმა უპასუხა:

"სავაჭრო ომი წავაგეთ ჩინეთთან? ჯო ბაიდენს არც კი უბრძოლია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჯო ბაიდენი კომუნისტური ჩინეთის გულშემატკივარი იყო".

კანდიდატებმა დებატების დროს არაერთ კითხვაზე პირდაპირ პასუხს აარიდეს თავი. მათ შორის იყო კითხვა უზენაეს სასამართლოში ადგილების შესაძლო დამატებაზე, რაზეც პირდაპირი პასუხი კამალა ჰარისმა არ გასცა. მაიკ პენსმა თავი აარიდა კითხვას მის მშობლიურ შტატში, ინდიანაში აბორტის აკრძალვის შესახებ. ორივე მათგანმა თავი აარიდა კითხვას იმაზე, თუ რას ფიქრობენ იმ შესაძლებლობაზე, რომ მათ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მოუწიოთ.

მაიკ პენსი
ფოტო: AP

ერთ-ერთი მომენტი დებატებიდან, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში იყო ბუზის დაჯდომა მაიკ პენსის თავზე. ვიცე-პრეზიდენტს თმაზე ბუზი დააფრინდა და თითქმის 2 წუთის განმავლობაში არ გაფრენილა.

"ის შენს ტელევიზორზე არაა. მის თავზეა". - დაწერა MSNBC-ს ჟურნალისტმა რეიჩელ მედოუმ.

"ბუზმა იცის". - დაწერა ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა.

ჯო ბაიდენმა კი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელში ბუზის საკლავი უჭირავს. "გადმორიცხეთ $5 კამპანიის ბუზის დასახმარებლად". - დაწერა მან.

ტრამპსა და ბაიდენს შორის კიდევ ორი დებატები უნდა გაიმართოს, რომლებიც 15 და 22 ოქტომბერს არის დანიშნული, თუმცა, მათი ჩატარება პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

პირველი დებატების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები