დავითგარეჯის საქმე

დაკავებების დღის ბოლოს დეკანოზი ჯაღმაიძე ნიუტონის კანონის ციტირებას ახდენს

დაკავებების დღის ბოლოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ნიუტონის კანონის ციტირებას ახდენს. 

"ნიუტონის მესამე კანონი გულისხმობს – რა ძალითაც ერთი სხეული ცდილობს იმოქმედოს მეორე სხეულზე, იმავე ძალით, მეორე სხეული მოქმედებს პირველზე". – წერს დეკანოზი Facebook-ზე. 

7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები