დავითგარეჯის საქმე

სამადაშვილი მელაშვილისა და ილოჩოვას დაკავებაზე: 19:00-ზე მივალ პროკურატურასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გენერალური პროკურატურის წინ დაგეგმილ აქციას უერთდება. აქციაზე ოპოზიციური ლიდერები საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისა და წევრის დაკავებას გააპროტესტებენ. 

"უპირველეს ყოვლისა, დაჭერილების ოჯახებსა და მათ მეგობრებს ჩემი მხარდაჭერა. ეს აბსურდი მალე დასრულდება. კარგია, რომ დიპლომატებმაც ამოიღეს ხმა. ხვალ, თუ დასჭირდათ, თქვენც მოგადგებათ ვინმე დასაჭერად, რაიმე აბსურდული ბრალდებით. ამიტომ, 19:00-ზე მივალ პროკურატურასთან, მე პირადად". – წერს სალომე სამადაშვილი. 

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ გენერალურ პროკურატურასთან აქცია ერთი საათის წინ დააანონსა

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები