დავითგარეჯის საქმე

ხოშტარია: 7-ზე პროკურატურასთან მივდივართ, ვაპროტესტებთ მელაშვილის და ილიჩოვას დაკავებას

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნინო გოგუაძე დღეს, 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ისინი საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისა და წევრის დაკავებას გააპროტესტებენ. 

"7-ზე მე და ნინო გოგუაძე მივდივართ ორთაჭალაში პროკურატურასთან, წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად! ვისაც დრო გექნებათ, მოდით. მარტოც რომ ვიყო, 7-ზე იქ ვიქნები და ჩემს სათქმელს ვიტყვი. არ დაგაჩაგვრინებთ ადამიანებს, ამ სიბინძურეს არ შეგარჩენთ". – წერს დეპუტატი ელენე ხოშტარია. 

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები