კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უცხო ქვეყნიდან შემოსულებს 8-დღიანი კარანტინის შემდეგ სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს 8-დღიანი საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ. 

გამყრელიძის განმარტებით, თუ სწრაფი ტესტის შედეგი საეჭვო იქნება, მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. 

"კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანებზე იცით, რომ მოქმედებს მერვე დღეს ტესტირების პროტოკოლი და მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. ეს ხალხი რომ არ დაყოვნდეს დიდი ხნის განმავლობაში, მათ შეიძლება ჩაუტარდეთ სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლდებიან, თუ არის საეჭვო ტესტის პასუხი, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარდება PCR ტესტირება". – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი, გარდაიცვალა - 5. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები