კორონავირუსი საქართველოში

გახარია: პრეპარატი რემდესივირი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პრეპარატი რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალოდ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან, მისი განმარტებით, პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებული არ არის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის კოვიდის სამკურნალოდ ვერ იქნება, იმიტომ, რომ არც ლიცენზირებულია ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სამკურნალოდ და შესაძლებელია, მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში, ექსპერიმენტის სახით იყოს გამოყენებული". – თქვა გახარიამ. 

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, საქართველო 2-3 კვირაში პრეპარატ რემდესივირს მიიღებს. 

"2-3 კვირაში საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და ყველაზე მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს რემდისივირს". - თქვა ცერცვაძემ. 

რემდესივირი, რომელსაც დღეს მსოფლიო მეცნიერები ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაზე სანდო პრეპარატად განიხილავენ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა, თუმცა, ამ ვირუსის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა.

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები