ალექსეი ნავალნი

ნავალნი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს

ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ევროკავშირს მოუწოდა, მკაცრი ზომები მიიღოს კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების წინააღმდეგ.

"მთელი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები არ მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანია სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეთ და ანგარიშები გაეყინოთ მათ, ვინც რეჟიმისგან სარგებელს იღებს. ისინი ითვისებენ ფულს, იპარავენ მილიარდებს და კვირის ბოლოს მიფრინავენ ბერლინში ან ლონდონში, ყიდულობენ ძვირადღირებულ აპარტამენტებს და სხედან კაფეებში". – თქვა მან.

ნავალნიმ ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კვლავ აწუხებს უძილობა და კუნთების სისუსტე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და ირწმუნება, რომ რუსეთში აუცილებლად დაბრუნდება.

"მტკივნეული არ არის, პანიკურ შეტევას არ ჰგავს. თავიდან ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, შემდეგ კი გონებაში ერთადერთი აზრი გიტრიალებს - მე მოვკვდები". – ასე იხსენებს ნავალნი BBC-სთან საუბარში მოწამვლის ეპიზოდს.

მისი თქმით, მოწამვლის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ჰალუცინაციები ტანჯავდა.

"ჩემი მთავარი პრობლემა ძილია. ჩვევა დავკარგე და მირთულდება საძილე აბების გარეშე. ეს პრობლემა ადრე არასდროს მქონია. ამას გარდა, ხელების კანკალი დამეწყო, რომელიც მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს".

"მათ დიდი ხანია სურთ, ქვეყნიდან გამაძევონ". – ამბობს ნავალნი რუსეთის მთავრობაზე - "არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. არ გავრისკავ, მაგრამ ჩემი მიზანი და ჩემი ქვეყანა მაქვს".

გერმანიაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნავალნის სისხლში ნოვიჩოკის არსებობა დაადასტურა, პარტნიორებთან ერთად სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ვრცლად ამ თემაზე:

კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი

კომენტარები