სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ანგელა მერკელს შეხვდა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Twitter/Steffen Seibert

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბერლინში შეხვდა.

შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. საუბრისას ტიხანოვსკაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსში მიმდინარე საპტოტესტო აქციები არაა ბრძოლა ევროპის ან რუსეთის წინააღმდეგ, არამედ შიდაბელარუსული კრიზის შედეგია. ტიხანოვსკაიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ბელარუს ხალხს ევროპის იმედი ჰქონდა და ევროპისგან საინვესტიციო მხარდაჭერას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერას ელოდა.  

ოფიციალურ შეხვედრამდე ტიხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ ინტერესისთვის და ასევე, მოუწოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, არ ჩარეულიყო ბელარუსის შიდა საქმეებში.

მერკელთან შეხვედრის წინ ტიხანოვსკაია ბერლინში ბელარუსის მხარდამჭერ და ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა. 

მანამდე, 29 სექტემბერს, ტიხანოვსკაია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ტიხანოვსკაია საფრანგეთის პარლამენტშიც მიიწვიეს, რათა სიტყვით გამოვიდეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

2 ოქტომბერს ამოქმედდა 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

ასევე, 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა.

კომენტარები