სვეტლანა ტიხანოვსკაია

სვეტლანა ტიხანოვსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით წარდგება

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Getty Images

პარასკევს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით წარდგება. უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე ტიხანოვსკაია საბჭოს წევრმა, ესტონეთმა მიიწვია.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესცენტრის განცხადებით, ტიხანოვსკაია 4 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგება, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს სიტყვით.

გასულ კვირას სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარალმენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ მთავრობის მხრიდან დაშინება ბელარუსში მიმდინარე პროტესტს ვერ შეაჩერებდა. 

"ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების პატივისცემას. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას". – განცხადა ტიხანოვსკაიამ.

ამჟამად სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიტვაში იმყოფება. მან ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ლიტვიდან ტიხანოვსკაიამ ბელარუს ხალხს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები სამი კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე.

გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ.

ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები