ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სიმბოლიკის დაწვის გამო დააკავეს

ირაკლი ბებუა

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სხვისი ქონების დაზიანებისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი.

ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა იმყოფება ქალაქ გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე, მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

კომენტარები