კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 416 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი, 355 გამოჯანმრთელებული

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი გარდაცვლილი 80 წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტის დიაგნოზი იყო Covid-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა". – წერს ჯანდაცვის სამინისტრო. 

სამინისტროს ცნობით, მეორე გარდაცვლილი 65 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას ახალი კორონავირუსის დიაგნოზი, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი და კომა ჰქონდა. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა". – წერია განცხადებაში. 

საქართველოში ბოლო 24 საათში აღრიცხული Covid-19-ის 578 შემთხვევიდან 416 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 355 ადამიანი. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში, Covid-კლინიკებში მკურნალობს 474 პაციენტი, მათგან 16 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამ დროისთვის არის 40. 

რაც შეეხება Covid-სასტუმროებს, იქ მკურნალობს 861 ინფიცირებული, საიდანაც 82 არასრულწლოვანია. ექიმის მეთვალყურეობით ბინაზე მკურნალობას აგრძელებს 1 000-ზე მეტი ინფიცირებული. 

"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (Covid-კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. Covid-დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე". – წერია განცხადებაში. 

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 619 გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა. აქტიურია 4 025 შემთხვევა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები