კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კავკასუს ონლაინი

სპეცმმართველის დანიშვნის გამო NEQSOL საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს

კომპანია NEQSOL კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის დანიშვნის გამო საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან სპეცმმართველის დანიშვნა არის დისკრიმინაციული და სელექციური მოპყრობის გაგრძელება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინვესტორთა მიმართ იჩენს.  

"სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვრჩა არავითარი სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მივმართოთ"- ამბობს NEQSOL-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი ტემურ ტაგიევი.

"საქართველოს მთავრობა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დეტერმინირებულია, ძირი გამოუთხაროს კავკასუს ონლაინის და NEQSOL-ის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელშიც ქართული პროვაიდერის ჩართვა იგეგმებოდა", - განაცხადა ტაგიევმა. 

კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში მათი კომპანიის მიმართ არ იჩენს სამართლიან და თანასწორ მიდგომას, რაც საბოლოოდ აქტივის ექსპროპრიაციით დასრულდა. 

ამავდროულად კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას, თუმცა მათი მცდელობები უშედეგოა. 

2019 წელს NEQSOl-მა კომპანია NELGADO-ს 49%-იანი წილი შეიძინა, რომელიც კავკასუს ონლაინის მშობელი კომპანიაა. ამ გარიგებით, NEQSOL-ი კავკასუს ონლაინის კუთვნილი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1 200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით გეგმავდა მის საკუთრებაში არსებულ ფართო ინფრასტრუქტურულ ქსელში ჩართვას. 

გარიგების მიხედვით, კავკასუს ონლაინის ინფრასტრუქტურა ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქსელის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რაც საქართველოს კავკასიის ინტერნეტჰაბად აქცევდა. 

გარიგების შესახებ ცნობილი იყო, როგორც მარეგულირებელი კომისიის, ასევე, მთავრობის წევრებისთვის, მათ შორის პრემიერმინისტრისთვისაც. 

ამის მიუხედავად, გასული წლის ოქტომბერში კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ NEQSOL-თან გარიგებით კავკასუს ონლაინმა კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები დარღვია.

კომისიის ცნობით, კავკასუსმა წინასწარ არ შეათანხმა მათთან ბენეფიციარი/მესაკუთრის ცვლილება და გარიგების შებრუნება მოითხოვა. ამ დროის განმავლობაში კომისიამ რამდენჯერმე ასობით ათასი ლარით დააჯარიმა კავკასუს ონლაინი, თუმცა კომპანიამ გარიგების შებრუნებაზე უარი განაცხადა. 

საბოლოოდ, მარეგულირებელმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით დამტკიცდა, სწორედ ამ ცვლილების მეშვეობით მიიღო კომისიამ გაფართოებული უფლებები. მათ შორის იყო სპეცმმართველის დანიშვნა მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ კომპანიებში. 

სწორედ ამ გაფართოებული უფლებამოსილებით ისარგებლა კომისიამ გუშინ, 1-ელ ოქტომბერს და კავკასუს ონლაინში სპეცმმართველი დანიშნა. სპეციალურ მმართველს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. რაც მთავარია, სპეციალურ მმართველს აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს კომპანიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და გარიგებები, მათ შორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით.

კომენტარები