კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კავკასუს ონლაინი

"ეს ექსპროპრიაციის ტოლფასია" - მარეგულირებელმა კავკასუს ონლაინს სპეცმმართველი დაუნიშნა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კავკასუს ონლაინს სპეციალური მმართველი გუშინ, პირველ ოქტომბერს დაუნიშნა. კომისიამ კომპანიაში სპეციალურ მმართველად საქართველოს ინოვაციების და სააგენტოს ოუფენ ნეტის დირექტორი, მარიამ სულაბერიძე დანიშნა. 

კომისიასა და კომპანიას შორის დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. რეგულატორი კომისიისგან 49%-იანი წილის გასხვისების გარიგების შებრუნებას ითხოვს, რომლის შედეგადაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი ჰოლდინგი NEQSOL გახდა. 

დავის ბოლო ეტაპი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. 20 აგვისტოს რეგულატორმა კიდევ ერთხელ 270 000 ლარით დააჯარიმა კავკასუს ონლაინი და გარიგების შესაბრუნებლად ერთთვიანი ვადა მისცა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვა, სპეციალური სანქციით დაემუქრა. 

როგორც ჩანს, სწორედ ამ ტიპის სანქციას წარმოადგენს კერძო კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა. იგივე დაადასტურა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმაც. მისი თქმით, სპეციალური მმართველის დანიშვნა იმით იყო განპირობებული, რომ საჯარიმო სანქციამ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. 

რეგულატორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კავკასუსის 49%-იანი წლის მფლობელი ჰოლდინგი, NEQSOL. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომისიის გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის ტოლფასია. 

კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალურ მმართველს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. რაც მთავარია, სპეციალურ მმართველს აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს კომპანიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და გარიგებები, მათ შორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით.

სპეციალურ მმართველს, ასევე, უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეცვალოს მოგებისა და დივიდენდების განაწილება. კომპანიაში ამბობენ, რომ კომისიის გადაწყვეტილება ზღუდავს მესაკუთრეების კანონიერ უფლებებს და საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უფლებებს, საფრთხეს უქმნის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. 

სპეციალური მმართველის ხელფასი კავკასუს ონლაინში თვეში 8 000 ლარი იქნება.

კომენტარები