კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში Covid 19-ით ინფიცირებული 1 000 პირი ბინაზე მკურნალობს, 800 - სასტუმროებში

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 297 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე განმარტებით, ახალი პროტოკოლის მეშვეობით, ის პაციენტი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო მომსახურება, ხვდება სტანციონარში, მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს კი შეუძლიათ როგორც ბინაზე დარჩენა, ისე კარანტინ-სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. 

"კარანტინებში არის დაახლოებით 800 ინფიცირებული პირი, ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ 1000 პირი, რომლებიც ასევე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან" - თქვა ნიჟარაძემ.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები