კორონავირუსი საქართველოში

ეპიდემიური ვითარების გამო აჭარაში კლინიკურ კონსულტანტთა ჯგუფის შეხვედრა იმართება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 ოქტომბერს დილიდან სამინისტროში კლინიკურ კონსულტანტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. 

სამინისტროს ცნობით, რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აჭარის რეგიონში კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად იმყოფება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. 

"რეგიონში კონსულტანტთა ჯგუფის მუშაობის მიზანს კოვიდ კლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს". – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის საქართველოში დადასტურებული 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში აღირიცხა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აჭარა ქვეყანაში ეპიდემიის მთავარი კერაა. 

უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები