ბელარუსი

გერმანიის კანცლერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ბელარუს ოპოზიციონერს, სვეტლანა ტიხნოვსკაიას ბერლინში შეხვდება

ბუნდესტაგში გამოსვლისას მერკელმა თქვა: "თუ ქუჩებში ხედავთ ქალების სიმამაცეს თავისუფალი სიცოცხლისთვის, რომელიც კორუფციისგან თავისუფალია, მაშინ მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა - მე ამით აღფრთოვანებული ვარ".

მერკელის თქმით, მისი მთავრობა არ ცნობს ლუკაშენკოს გამარჯვებას და მას მოუწოდებს, რომ ხალხთან დიალოგი დაიწყოს, აღმოსავლეთის ან დასავლეთის ჩაურევლად. 

მერკელის და ტიხანოვსკაიას შეხვედრა დაგეგმილია 6 ოქტომბერს. 

მანამდე, 29 სექტემბერს, ტიხანოვსკაია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ტიხანოვსკაია საფრანგეთის პარლამენტშიც მიიწვიეს, რათა სიტყვით გამოვიდეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირი განიხილავენ არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაწესებას. სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები