ხანძარი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ტყეში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

Reuters

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირველ ოქტომბერს 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ხანძარმა საფრთხე შეუქმნა 22 დასახლებას და დაახლოებით 18 000 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის გამო, საჭირო გახდა 120 ადამიანის ევაკუაცია.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ჯამში 146 ადგილას იყო ხანძარი, საიდანაც 82 ადგილას ხანძარი უკვე ჩააქრეს. 

ხანძრების უმეტესობა არის პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან და უკრაინის ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრები, შესაძლოა, სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნამ გააჩინა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაარკვიონ:

"ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ინფორმაციას, რომ, სავარაუდოდ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან პროვოკაციულ საარტილერიო ცეცხლის გახსნას, შესაძლოა, გამოეწვია ამ ხანძრების რაღაც ნაწილი ასეთი ამინდის პირობებში".

2020 წლის დასაწყისშიც იყო ხანძარი ლუგანსკის რეგიონში, რის შედეგადაც, 1 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა, განადგურდა 80 კოტეჯი და 30 სახლი.

უკვე მეშვიდე წელია, დონბასის რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები