ალექსეი ნავალნის მოწამვლა

МИД: დასავლეთთან საქმიანი ურთიერთობების ქონა უბრალოდ შეუძლებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ჰაიკო მაასმა თქვა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა პრობლემად იქცა მთელი მსოფლიოსთვის, МИД-მა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება "ცინიკურ გამოხტომად" შეაფასა. 

"მივდივართ დასკვნასთან, რომ გერმანიის ქცევასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასთან, მის პარტნიორებთან - ევროკავშირსა და ნატოში და მთლიანად დასავლეთთან საქმიანი ურთიერთობების ქონა უბრალოდ შეუძლებელია, სანამ ისინი არ შეწყვეტენ პროვოკაციული მეთოდების მეთოდებით მოქმედებას და არ მოიქცევიან პასუხისმგებლიანად და პატიოსნად". – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

29 სექტემბერს გაეროში გამოსვლის დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნავალნის მოწამვლა პრობლემად იქცა მთელი მსოფლიოსთვის და ამას, შესაძლოა, მოჰყვეს დამატებითი სანქციები რუსეთისთვის. 

რუსეთში გერმანული მხარის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ გერმანიამ უარი თქვა რუსეთისთვის მიეწოდებინა ნავალნის მოწამვლის ფაქტის მტკიცებულებები. 

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო Nordstream 2-ის გაზსადენზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. 

"კანცლერი იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს". – თქვა ზაიბერტმა. კანცლერის სპიკერს ჰეიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

"იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე. თუ მომდევნო დღეებში რუსეთი არ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, იძულებული ვიქნებით საპასუხო ზომები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილოთ". – თქვა მან.

კომენტარები