დაპირისპირება მარნეულში

EMC: მარნეულში დაზარალებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულში დაზიანებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ EMC განცხადებას ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა.

დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ.

EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება". – წერია განცხადებაში. 

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

კომენტარები