ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 66 წლის კაცია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 66 წლის მამაკაცია. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაიას ცნობით, კაცი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისიდან 26 სექტემბერს გადაიყვანეს.

ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს ფილტვის ქრონიკული დაავადება და ტუბერკულიოზი ჰქონდა, – "ამ დიაგნოზით შემოიყვანეს ჩვენთან. დღეს დილით 10 საათზე საჭირო გახდა რეანიმაციაში გადაყვანა, თუმცა მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა". – ამბობს მიხეილ ქამუშაძე რუსთავი 2-თან საუბარში.

დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა აღირიცხა. ქვეყანაში ჯამში ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ის 3 542 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები